пятница, 13 января 2023 г.

ინფორმაცია ჩემს შესახებ

 

                       

      ნინო ჭანტურიძე დავიბადე 1981 წლის 19 სექტემბერს ქ. თბილისში. წარმატებით დავამთავრე სსიპ - გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ გურჯაანის საჯარო სკოლა. იმავე წელს ჩავაბარე ქ. თბილისის სამედიცინო უნივერსიტეტში სამკურნალო ფაკულტეტზე. ოჯახური პირობების გამო სწავლის გაგრძელება მომიხდა ქ. თელავის იაკობ გოგებაშვილის სახელობის სახელმწიფო პედაგოგიურ უნივერსიტეტში ფიზიკა-მათემატიკის ფაკულტეტზე. 2003 წელს დავამთავრე ფიზიკა-მათემატიკის სპეციალობა, ვარ მაგისტრი. მყავს მეუღლე და ქალიშვილი (სამედიცინო უნივერსიიტეტის მე-4 კურსის სტუდენტი).

      2006-2008 წწ. ვმუშაობდი საგანმანათლებლო კავშირში „კაბადონი“, კოორდინატორად. 2008 წლიდან მუშაობა დავიწყე სსიპ - ქალაქ გურჯაანის №3 საჯარო სკოლაში, მათემატიკის მასწავლებლად. 2010 წლიდან ვმუშაობ სსიპ - ქალაქ გურჯაანის №1 საჯარო სკოლაში დაწყებითი კლასების მასწავლებლად. ჩაბარებული მაქვს ორი საგნობრივი მიმართულების მასწავლებელთა სასერტიფიკაციო გამოცდა.

     2010 – 2013 წწ. ვმუშაობდი უნივერსიტეტ განათლების აკადემიის ქ. გურჯაანის ფილიალში, ლექციებს ვკითხულობდი მათემატიკასა და ინფორმატიკის ისტორიაში.

     გავიარე, მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის მიერ ორგანიზებული ტრენერთა სკოლა. დავასრულე წარმატებით და გავხდი ცენტრის სერტიფიცირებული ტრენერი. ვატარებდი მილენიუმის ტრენინგებს ფიზიკაში. ასევე, მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის მიერ ინიცირებულ ტრენინგებს პროფესიული უნარებისა და მათემატიკაში.

    გავლილი მაქვს სხვადასხვა ტრენინგი (იხ.დანართი). ჩართული ვარ სხვადასხვა პროექტში. 2015 წელს, ერთ-ერთ პროექტში „eTwinning”  ჩემს მესამეკლასელ მოსწავლეებთან ერთად გავიმარჯვე ევროპულ პროექტში და ორ მოსწავლესთან ერთად ვიმყოფებოდი ბელგიაში, ქალაქ ბრიუსელში. სადაც მოხდა ჩვენი დაჯილდოვება (საქართველოდან სულ 5 მასწავლებელი ვიმყოფებოდით). მომანიჭეს ეროვნული და ევროპური ხარისხის ნიშანი. ჩემს მოსწავლეებს, სკოლასა და საგანმანათლებლო რესურსცენტრს გამოუგზავნეს მედლები და სპეციალური ჯილდო. ბრიუსელში, სადაც დავყავით 10 დღე, ვესწრებოდი სხვადასხვა სამუშაო შეხვედრასა და სემინარს. მომდევნო სასწავლო წელს ვუმასპინძლე სკოლაში ზემოთხსენებული პროექტის იტალიელ ავტორს და ჩემს აზერბაიჯანელ კოლეგებს. შემარჩიეს ათ საუკეთესო მასწავლებელთა შორის და ქ.ნ ირინა აბულაძემ დამასაჩუქრა პორტატული კომპიუტერით. მიღებული მაქვს მომხსენებლად მონაწილეობა ბევრ სამეცნიერო და ტექნოლოგიურ კონფერენციაში. სქემის ფარგლებში სკოლაში ვიყავი ფასილიტატორი. ასევე, პროექტის „ჯიპრაიდი“ მათემატიკის ფასილიტატორი. ჩემი მოსწავლეები, წარმატებულები არიან სხვადასხვა კონკურსებზე, რაც ჩემთვის კიდევ ერთი მამოტივირებელი ფაქტორია.

   2017 წლის ნოემბერში მიწვეული ვიყავი ბირთვული კვლევების ორგანიზაციაში - CERN (შვეიცარია, საფრანგეთი), რომელიც არის მსოფლიოს უდიდესი ლაბორატორია ელემენტარული ნაწილაკების ფიზიკაში. დავესწარი სხვადასხვა სემინარსა და სამუშაო შეხვედრას.

პრეზიდენტის სარეზერვო ფონდის დაფინანსებით საქართველოს დებატებისა და განათლების ინსტიტუტის მიერ განხორციელებული პროექტის „დამოუკიდებლობა თავისუფლებისათვის“ ფარგლებში, მიღებული მაქვს საუკეთესო კლუბის ხელმძღვანელის სერტიფიკატი და ჯილდო, კლუბის წევრ მოსწავლეებთან ერთად ვიმყოფებოდით პრეზიდენტის რეზიდენციაში, სადაც მოხდა ჩვენი დაჯილდოვება.

   2019 წლიდან ვარ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს პროექტის „ზოგადი განათლების რეფორმა“ (ახალი სკოლის მოდელი),  კურიკულუმების დანერგვისა და განვითარების მათემატიკის ექსპერტი კახეთის რეგიონში.

2022 წლიდან ვარ განათლების ხარისხის მართვის ეროვნული ცენტრის ექსპერტ-სპეციალისტი.

2021 წლიდან „მასწავლებელთა დაკვირვებისა და მენტორინგის“ პროექტის ფარგლებში ვარ დამკვირვებელი.

სკოლის დირექტორის ბრძანებით, პირად საქმეში შეტანით გამოცხადებული მაქვს რამოდენიმე მადლობა.

   ჩემთვის, როგორც მასწავლებლისთვის, პროფესიული წინსვლა და სიახლეების ძიება მთავარი მიზანია, რამაც განაპირობა ჩემი, როგორც მასწავლებლის წარმატება. ჩემი მიზანია დავეხმარო მოსწავლეებს გახდნენ თანამედროვე მსოფლიოს ნაწილი, მიაღწიონ სკოლაში მაღალ სტანდარტებს, რადგან მსოფლიო მრავალი გამოწვევის წინაშე დგას, იცვლება მიდგომები და სტანდარტები ნებისმიერ სფეროში, განსაკუთრებით კი განათლებაში. სხვადასხვა სტრატეგიების, მეთოდებისა და ახალი მიდგომების განხორციელება ხელს უწყობს მოსწავლეებს გახდნენ უფრო პასუხისმგებლიანი მოქალაქეები და შეიძინონ ის უნარ-ჩვევები, რაც ხელს შეუწყობს მათ წარმატებულ მომავალს.

  ჩემთვის მნიშვნელოვანია გავუზიარო კოლეგებს როგორც ტრენერის, ექსპერტის თუ კოლეგის გამოცდილება. დავეხმარო მათ ჩემი შესაძლებლობების ფარგლებში. არა მხოლოდ ვალდებულებად მიმაჩნია ეს, არამედ სასიამოვნოა. მომავლისთვის მაქვს სხვადასხვა მიზანი დასახული. რაც მთავარია ჩემი თავის განვითარებას არ შევწყვეტ და დარწმუნებული ვარ დასახულ მიზნებსაც მივაღწევ.

Комментариев нет:

Отправить комментарий